ახალი ამბები

ბაღაფში გალის რაიონში არსებულ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ქართული მხარე მიზანმიმართულად ქმნის ილუზიას გალის რაიონში ვითარების დაძაბვის თაობაზე, რათა გალში ჯარი შეიყვანოს, იუწყება “რია ნოვოსტი” 29 დეკემბერს.


ბაღაფშმა განაცხადა, რომ რეალურად, გალის რაიონში კონსტიტუციური წესრიგია შენარჩუნებული, თუმცა დაადასტურა, რომ  აფხაზეთის შეიარაღებული ძალები  გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები.


აფხაზეთის ლიდერმა საქართველოს ხელისუფლება გალში აფხაზი სამართალდამცავების წინააღმდეგ “ტერორისტული აქტების“ მოწყობაში დაადანაშაულა.


თუმცა ოფიციალურმა თბილისმა უარყო რაიმე სახის კავშირი გალის რაიონის მილიციის თანამშრომლებზე თავდასხმებთან, რომელსაც სამი აფხაზი სამართალდამცავი ემსხვერპლა.  ამ ინციდენტების საპასუხოდ, ქართული მხარის ცნობით, სოხუმმა გალის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ “სადამსჯელო ოპერაცია“ დაიწყო. 


“ადგილობრივი ძალოვნები გადაეკიდნენ ერთმანეთს და უნდათ ეს პრობლემა როგორღაც გადააკისრონ იქ ნაწილობრივად დაბრუნებულ ქართულ მოსახლეობას და შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, – განაცხადა 29 დეკემბერს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით გალის რაიონში “სიტუაცია თითქმის განიმუხტა”.


“კონტაქტები მქონდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან… ფაქტიურად, ის 38 ადამიანი, რომელიც იყო დაკავებული [აფხაზური მხარის მიერ], გამოშვებულია, დარჩენილია სულ რამდენიმე პიროვნება, რომელიც უახლოეს ხანებში იქნება გათავისუფლებული“, – განუცხადა ჟურნალისტებს მერაბ ანთაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button