ახალი ამბები

თბილისი გალში ვითარების განმუხტვას ითხოვს

ქართული მხარე “კატეგორიულად“ ითხოვს რუსეთის სამშვიდობოების დაუყოვნებლივ ჩარევასა და ადეკვატური ზომების გატარებას, რათა გალის რაიონში სრულად იქნას დაცული ადამიანის უფლებები და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება, აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამ შინაარსის ნოტა 28 დეკემბერს ქართულმა მხარემ საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულს გადასცა.


იმავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი 28 დეკემბერს შეხვდა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს ელჩ ჟან არნოს, ასევე ეუთოს მისიისა და ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლებს.


შეხვედრისას ჟან არნოს გადაეცა ნოტა, რომლითაც სამინისტრო მოუწოდებს გაეროს მისიას აქტიური ნაბიჯებისაკენ გალში ვითარების განსამუხტად და ასევე აფხაზურ მხარესთან შესახვედრად შუამდგომლობას თხოვს.


ქართული მხარის ცნობით, გალში დამატებითი ძალები სოხუმმა იმ თავდასხმების საპასუხოდ შეიყვანა, რომლებმაც ბოლო დროს სამი აფხაზი მილიციელის, მათ შორის გალის რაიონის მილიციის უფროსის მოადგილის ოთარ ტურნანბას სიცოცხლე შეიწირა.


“აფხაზეთის ხელისუფლების ე.წ. “სადამსჯელო ზომებმა” და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარამ რეგიონში ვითარების დაძაბვა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი უკვე ცდილობს გალის რაიონის დატოვებას“, – აცხადებს საგარეო უწყება.

ამავდროულად, გალში ვითარების გამწვავების გამო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გასცა განკარგულება აფხაზური ჯარების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის თაობაზე, იუწყება “რია ნოვოსტი” 28 დეკემბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

Back to top button