ახალი ამბები

ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება

2007 წელს ფოთში, მთელ შავი ზღვისპირეთში ყველაზე დიდი თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება, განაცხადა 27 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანამ 2006 წელს უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ ხელსაყრელი ბიზნეს–კლიმატის შექმნის თვალსაზრისით, თუმცა მომავალ წელს უფრო მეტია გასაკეთებელი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.


“ჩვენ შავი ზღვის სანაპიროზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა გვინდა და ეს ეკონომიკური ზონა მხოლოდ [ფოთის] პორტს არ მოიცავს. იგი სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებსაც მოემსახურება… ეს იქნება ზონა, სადაც ნულოვანი ბიუროკრატია იქნება… ეს ზონა მიებმება ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მათ შორის [ბაქო–ახალქალაქი]–ყარსის რკინიგზას, რომლის მშენებლობის დაწყებასაც ჩვენ მომავალი წლიდან ვგეგმავთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


იდეას თავისუფალი ეკონომიკური ზონის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნის შესახებ აქტიურად ლობირებდა აჭარიდან განდევნილი ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე. თუმცა მაშინ ედუარდ შევარდნაძის მთავრობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა აბაშიძის ამ ინიციატივის მიმართ.


სააკაშვილის განცხადებით, თავისუფალი ეკონომიკური ზონები ეფექტურია იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობა ძლიერია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button