ახალი ამბები

კოკოითი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის სანაცვლოდ პირობებს აყენებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმ პირობით, თუ ხელი მოეწერება თბილისსა და ცხინვალს შორის ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას.


“საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს, სამხრეთ ოსეთი მზადაა შეამციროს შეიარაღბული ძალები 30%–ით. და იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე თანხმობას განაცხადებს კონფლიქტის ზონიდან გაიყვანოს არაფორმალური დანაყოფები, სამხრეთ ოსეთი მზადაა მოახდინოს საფორთიფიკაციო ნაგებობების ლიკვიდაცია და შექმნას ერთობლივი საგუშაგოები“, – აცხადებს კოკოითი.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ლიდერმა 27 დეკემბერს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომელშიც მონაწილეობა არ მიიღო ქართული მხრიდან თანათავმჯდომარემ, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ.  მან არაოფიციალური შეხვედრა მხოლოდ  შსკ–ს თანათავმჯდომარეებთან გამართა, რომელიც ცხინვალის ინფორმაციით, უშედეგოდ დასრულდა.


ანთაძემ ცხინვალში გამგზავრებამდე ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი კოკოითთან შეხვედრას მხოლოდ ცალკე დათანხმდებოდა.


“შეხვედრაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან ანთაძე არ ასულა იმ დონემდე, რომ შეეძლოს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა… მე შემიძლია შევხვდე და ვთავაზობ შეხვედრას მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა კოკოითმა.


ქართულმა მხარემ ანალოგიური წინადადება 27 ოქტომბერს შესთავაზა კოკოითს, თუმცა მან სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. 


27 დეკემბერს კოკოითმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2007 წელმა კონფლიქტის მოგვარებაში გარღვევა უნდა შეიტანოს იმ პირობებში, რომ შენარჩუნდეს არსებული მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატები. მისი თქმით, შსკ–ს ფარგლებში  უნდა შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებს.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები ალტერნატიული პრეზიდენტთან დიმიტრი სანაკოევთან შეხვედრას გეგმავს.


“თუ ევროკავშირის წარმომადგენელს ამ ადამიანთან [სანაკოევთან] შეხვედრა სურს, ეს მისი ნებაა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მას აღარ შემოუშვებენ“, – განაცხადა კოკოითმა.

Back to top button