ახალი ამბები

ბუნდოვანი მოლაპარაკებები გაზზე

საქართველოს ხელისუფლების აქტიური მოლაპარაკებები ალტერნატიული გაზის მოწოდების თაობაზე უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხი არსებობს. ამან, როგორც ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, შესაძლოა პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თანამდებობა შეიწიროს.


თბილისი აცხადებს, რომ მიაღწია შეთანხმებას ანკარასთან შაჰ–დენიზის გაზში თურქეთის წილიდან საქართველოსთვის 800 მლნ კუბამეტრი გაზის დათმობასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჩანს ეს განცხადება არ დასტურდება.


25 დეკემბერს თურქეთის ოფიციალურმა პირმა ინკოგნიტოდ განუცხადა სააგენტო “როიტერს“, რომ ჯერჯერობით საქართველოსთან შეთანხმება მიღწეული არ არის და მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ერთ კვირაში სტამბოლში განახლდება.


ასევე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰილმი გიულერმა 23 დეკემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ, ქართველ და თურქ ოფიციალურ პირებს შორის დამატებითი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება, სადაც განიხილება შაჰ–დენიზის გაზის კვოტების ამ სამ ქვეყანას შორის გადანაწილების საკითხები.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ მან თავის თურქ კოლეგასთან გაზის მოწოდების თაობაზე შეთანხმებას ანკარაში 22 დეკემბერს მიაღწია.


საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა 25 დეკემბერს უარი უთხრეს “სივილ ჯორჯიას“ იმ შეთანხმების შესახებ კომენტარზე, რომელიც გილაურის ინფორმაციით, მან თურქულ მხარესთან გააფორმა.


თურქეთი თანხმობას აცხადებს 2007 წლისთვის საქართველოს სასარგებლოდ დათმოს თავისი წილიდან შაჰ–დენიზის 800 მლნ კუბამენტი გაზი, მაგრამ როგორც ჩანს პრობლემა გადახდის ფორმის შეუთანხმებლობაში არსებობს.


იმავდროულად, ბაქოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ნოღაიდელმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ აზერბაიჯანი დათანხმდა ყოველდღიურად 1 მლნ კუბამეტრი გაზით მოამარაგოს საქართველო ზამთრის პერიოდში.


თუმცა შეთანხმების დეტალები, მათ შორის ფასის საკითხი კვლავაც გაურკვეველი რჩება. “ფასი ჩვენთვის მისაღებია”, – განაცხადა ნოღაიდელმა.


ასევე გაურკვეველია ყოველდღიურად 1 მლნ კუბამეტრ გაზს საქართველო მიიღებს შაჰ–დენიზის პროექტში თავისი წილიდან  – 250 მლნ კუბური მეტრი გაზიდან, თუ ეს იქნება დამატებითი რაოდენობა.


ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური შეთანხმების ბოლომდე მისაყვანად დამატებითი მოლაპარაკებებისათვის ბაქოში რჩება.


“აზერბაიჯანს არასოდეს მიუტოვებია საქართველო რთულ პერიოდში“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრემიერ ნოღაიდელთან შეხვედრის დაწყებამდე.


25 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აზერბაიჯანის მხარდაჭერა შეაფასა, როგორც “ნამდვილი მეგობრული და ძმური ნაბიჯი“ მეზობელი ქვეყნის მხრიდან.

“აზერბაიჯანს პირდაპირ გამოუცხადეს, რომ თუკი ის საქართველოს ერთ კუბურ მეტრ გაზს მაინც მიაწვდიდა, პრობლემები შეექმნებოდა. მსოფლიოში ძალიან ცოტა პრაგმატული ლიდერი თუ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჩვენმა მეგობარმა ილჰამ ალიევმა მიიღო… საქართველოს ჰყავს როგორც არაკეთილმოსურნეები, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე, ისე – მეგობრები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.


“კავკასიაში ასეთი თანამშრომლობის ნიმუშები ყველა კავკასიელ ერთან მიმართებაში რომ გაგრძელდეს, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ იარსებებს“, – დასძინა პრეზიდენტმა.


მან აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს ალტერნატივა, რომელიც მისი თქმით “გეოპოლიტიკური რევოლუციის“ ტოლფასია.


პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსული გაზის ყიდვა შაჰ–დენიზის ჭაბურღილზე შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო უწევს.


“ავარიის გამო [შაჰ–დენიზის პროექტის განმახორციელებელმა] კონსორციუმმა უფრო მეტი ახსნა-განმარტება უნდა მისცეს აზერბაიჯანსა და საქართველოს საზოგადოებრიობას“, – აცხადებს სააკაშვილი.


მისი თქმით, საქართველო იძულებულია გაორმაგებული ფასი  – ათას კუბამეტრზე 235 აშშ დოლარი – გადაიხადოს რუსულ გაზში. ეს 5 დოლარით ძვირია იმ ფასთან შედარებით, რაც “გაზპრომმა“ ნოემბერში საქართველოს შესთავაზა.


თუმცა მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობა, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურად აცხადებდა, რომ საქართველო “პოლიტიკური ფასის” გადახდას ბუნებრივ აირში არ აპირებდა.


“მიუხედავად ამ თამამი განცხადებებისა, რომ უარს ვიტყოდით გაზის რუსულ წყაროზე, საქართველოს მაინც უწევს ძვირი გაზის ყიდვა. სრულიად ნათელია, რომ მთავრობამ და განსაკუთრებით მათ, ვინ მოლაპარაკებებზე იყვნენ პასუხისმგებლები – პრემიერ–მინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა – მარცხი განიცადეს ალტერნატიული გაზის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში… უკვე სავსებით ნათელია, რომ ნოღაიდელი ამ ზამთარს გადაყვება“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან 25 დეკემბერს.

Back to top button