
ნოღაიდელმა დეპუტატებს გაზმომარაგების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა
მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ საქართველო იანვრიდან ისევ რუსულ გაზს მოიხმარს აზერბაიჯანული გაზის ნაცვლად, რომლის მიღებაც შაჰ–დენიზის ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის გამო ფერხდება, პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 დეკემბერს გვიან საღამოს პარლამენტში დახურული შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე მსჯელობის მთავარის თემა იყო საქართველოს გაზმომარაგებისა და ორმაგად გაძვირებული რუსული გაზის [235 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე, ნაცვლად 110 აშშ დოლარისა] ბიუჯეტიდან სუბსიდირების საკითხები.
“ერთადერთი, რისი მიმართულებითაც სამუშაო მიმდინარეობს წარმატებით არის ის, რომ გაზის მოწოდების პრობლემა იქნას გადაჭრილი. ჯერჯერობით არის ყველა ნიშანი იმისა, რომ გაზმომარაგებაში საქართველოს პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ფრაქცია მრეწველების ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მთავრობას ჯერ არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა ფორმით მოხდება გაძვირებული ფასის ბიუჯეტიდან სუბსიდირება.
“რადგან ეს არის ფორსმაჟორი და მე არ ვიცი რამდენად ავარიის მიზეზით თუ სხვა მიზეზით მოხდა ეს, ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში კომპენსაცია უნდა მოხდეს ბიუჯეტიდან და ეს არ აისახოს გაზის და ელექტროენერგიის ტარიფზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
22 დეკემბერს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის შაჰ–დენიზის გაზის მიღებამდე მოსახლეობაზე არ აისახოს გაზის გაძვირება და მიმართა პარლამენტს შესაბამისი ცვლილებების მომზადებამდე 2007 წლის ბიუჯეტის მიღება 29 დეკემბრისთვის გადადოს.