ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ საუბრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ თბილისი აგრძელებს მის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის მიხედვით მოქმედებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას ეხება.

ნოღაიდელი აქვე აღნიშნავს, რომ “სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა გაკეთებული იმისათვის, რომ ამ გეგმის რეალიზაცია გამხდარიყო შესაძლებელი“.


“დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა გამოაცხადა 30%–იანი შემცირება შეიარაღებული ძალების, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა სრული დემილიტარიზაცია და იმ გეგმის მიხედვით მოქმედება, რომელიც ეუთომ მოიწონა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების პროცესში “შესაძლოა გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს” ცხინვალში 27 დეკემბერს დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელსაც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე დაესწრება.


“ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ყველა საინტერესო წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.  

Back to top button