
ნოღაიდელი ბაქოში გაზის თემაზე შეხვედრებს მართავს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ბაქოში იმყოფება, სადაც შაჰ–დენიზის საბადოდან საქართველოსთვის დამატებითი გაზის მოწოდების თაობაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან “ტექნიკურ საკითხებზე” მოლაპარაკებებს მართავს.
ბაქოში გამართული შეხვედრების შედეგად საბოლოოდ გაირკვევა, თუ რა რაოდენობით, რა ფასად და როდის მიიღებს საქართველოს შაჰ–დენიზის გაზსადენის მეშვეობით გაზს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბაქოში თან ახლავს ენერგეტიკის მინისტრი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრეზიდენტი.
შაჰ–დენიზის გაზსადენით ბუნებრივი აირი საქართველოს გასული კვირიდან უნდა მიეღო, თუმცა ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ გაზის მიღება რამდენიმე კვირით გადაიდო ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის გამო. შედეგად, საქართველოს კვლავ რუსეთი ამარაგებს გაზით.
თბილისმა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას ანკარასთან შაჰ–დენიზის პროექტში თურქეთის წილიდან 800 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღების თაობაზე. ამას გარდა, საქართველო მიიღეებს საკუთარ წილს – 250 მლნ კუბამეტრ აირს.