skip to content
ახალი ამბები

სსფ: რუსეთის ემბარგოს მიუხედავად საქართველოში ეკონომიკური ზრდაა

რუსეთის მხრიდან  განხორციელებული ეკონომიკური ემბარგოს მიუხედავად, საქართველოში მაინც შეიმჩნევა 8%–იანი ეკონომიკური ზრდა, რაც 2007 წლისთვის  შესაძლოა 6–7%–მდე შემცირდეს, განაცხადა 12 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის  (სსფ) მისიის ხელმძღვანელმა, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ჯონ ვეიკმან–ლინმა. 


სავალუტო ფონდის მისია, რომელიც საქართველოს 2–12 დეკემბერს სტუმრობდა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო და განაცხადა, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე შემცირდება და 10%–ზე ნაკლები იქნება. ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელი  – 14,5%  – წელს ზაფხულში დაფიქსირდა.


საგარეო ეკონომიკური შოკების მიუხედავად, რაც რუსეთის მიერ საექსპორტო ბაზრების დაკეტვაში გამოიხატა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მაინც შთამბეჭდავია, აცხადებს სსფ–ს მისია.


თუმცა  სავალუტო ფონდის მისია აქვე დასძენს, რომ რუსული ემბარგოს გამო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2007 წელს 250–300 მლნ აშშ დოლარით გაიზრდება, რაც “საქართველოს მთავრობის ვარაუდით მიმდინარე და მომავალ წელს მოსალოდნელი უცხოური ინვესტიციებით და ტურიზმის სექტორიდან შემოსული გაზრდილი შემოსავლებიდან უნდა დაიფაროს“, – აცხადებს ჯონ ვეიკმან–ლინი.


იმის გამო, რომ რთულია უხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლის დროისა და ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, მისიამ რეკომენდაცია მისცა მთავრობას შეამციროს 2007 წლის ფისკალური დეფიციტი, რაც გეგმით მშპ-ის 2,5% -ს შეადგენს, რათა მოხდეს გარე შოკების ზეგავლენის შემცირება.

სსფ–ს მისიამ ასევე განაცხადა, ეკონომიკის გარე შოკებზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს ექსპორტის გაზრდის გზით.  


“ამ მხრივ მისია მოუწოდებს ხელისუფლებას დააჩქაროს სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით საკუთრების უფლების დაცვის კუთხით”, – განაცხადა ჯონ ვეიკმან–ლინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button