ახალი ამბები

პარლამენტი რუსეთის სათათბიროს ნაბიჯს”უკიდურესად არამეგობრულს“ უწოდებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თაობაზე “ღრმა შეშფოთების“ წყარო და „უკიდურესად არამეგობრული“ ნაბიჯია, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ 7 დეკემბერს ერთხმად მიღებულ განცხადებაში.


საერთაშორისო საზოგადოების სახელზე მიღებულ პარლამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებები მიზნად ისახავს ქართული მხარის პროვოცირებას და კონფლიქტურ ზონებში დაძაბულობის გამწვავებას.


რუსეთი, რომელიც ფორმალურად სამშვიდობო პროცესის გარანტია და რომლის სამშვიდობო კონტინგენტებიც განლაგებულია კონფლიქტის ზონებში, “აგრესიული სეპარატიზმის“ მხარდამჭერად გამოდის, ნათქვამია განცხადებაში. 


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თბილისი არ წამოეგება რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში კონფრონტაციის გამწვავებას და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.


პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა კოტე გაბაშვილმა პარლამენტის 7 დეკემბერის სხდომაზე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს განცხადების შემუშავების საქმეში და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ერთიანი იყო.


“ამგვარი საკითხების ერთსულოვან მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


7 დეკემბერს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სათათბიროს მიერ განცხადებების მიღების შემდეგ რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოუთხარა ძირი “რუსეთის სამშვიდობოების კონფლიქტის ზონებში ყოფნის მორალურ და სამართლებრივ საფუძვლებს“.


“მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას არ აყვეს სახელმწიფო სათათბიროს ემოციურ, გაუწონასწორებელ განცხადებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ისედაც გართულებული ვითარების შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button