ახალი ამბები

ქართული მხარე შსკ–ს ფორმატის შესახებ პოზიციას არ ცვლის

შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატის მიმართ ქართული მხარის პოზიცია უცვლელია, აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის  შსკ-ს მუშაობაში ჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით.


თუმცა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს მხარემ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში დაინტერესებულ ყველა მხარესთან ერთად უნდა გაითვალისწინოს რეგიონში ახლად შექმნილი რეალობა“.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 1992 წელს სოჭის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია ვერ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს, რაც „ხელს უშლის სამშვიდობო პროცესის პოზიტიურ დინამიკას“.


„რეალობა გვკარნახობს, კონფლიქტში მხარეებს შორის ეუთოს ეგიდით პირდაპირი, უშუალო დიალოგის წარმოების თაობაზე, გადაწყვეტილებების მიღების მიზანშეწონილობას, რომელშიც ევროკავშირი, რუსეთი და აშშ მიიღებენ მონაწილეობას გარანტორების და ხელშემწყობი მხარეების სტატუსით“, – ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.


სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა მთავრობამ შსკ–ს მუშაობაში მონაწილეობის სურვილი 5 დეკემბერს გამოთქვა.

Back to top button