ახალი ამბები

დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაცია ქურთაში გაიმართა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ სოფელ ქურთაში დღეს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ალტერნატიულ არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. დიმიტი სანაკოევმა ფიცი ოსურ და ქართულ ენებზე წარმოთქვა.


„დავიცავ სამხრეთ ოსეთის ხალხის ინტერესებს, ოსი და ქართველი ხალხის ერთიანობას, მშვიდობას… ვიზრუნებ სამხრეთ ოსეთის და მისი ხალხის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და აღორძინებისათვის“, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა ფიცის დადების დროს.


ინაუგურაციის ცერემონიალის შემდეგ კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა მომღერლებმაც მიიღეს. სხვა სტუმრებთან ერთად ინაუგურაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე და რამდენიმე ქართველი დეპუტატიც დაესწრნენ. დიმიტრი სანაკოევის ე.წ. რეზიდენცია სოფელ ქურთაში განთავსდება.


დიმიტრი სანაკოევმა 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გამართულ ალტერნატიულ არჩევნებში ხმების 94% მოიპოვა.


25 ნოემბერს ცხინვალში უკვე შედგა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ინაუგურაცია, რომელსაც რუსეთის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button