ახალი ამბები

ონიშენკო ქართულ “ბორჯომსა” და ღვინოებზე საუბრობს

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს განცხადებით, თუკი რუსულ ბაზარზე აკრძალული ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამ პროცესს პირველი ქართული მინერალური წყალი “ბორჯომი“ დაიწყებს.


“მე გამოგიტყდებით, რომ ვწუხვარ, რომ “ბორჯომი” გაქრა [რუსულ ბაზარზე], ეს მართლაც სამედიცინო და კარგი პრეპარატია“, – განაცხადა ონიშენკომ დღეს “ინტერფაქსის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა დასძინა, რომ “ბორჯომი“ კვლავ არ პასუხობს “ხარისხის მოთხოვნებს“.


ამ მოტივით რუსეთმა ქართული მინერალური წყლებისა და ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტი გაზაფხულზე აკრძალა, რასაც თბილისმა საქართველოზე ზეწოლის მიზნით მიღებული “პოლიტიკური“ გადაწყვეტილება უწოდა.


ონიშენკოს განცხადებით, ქართველმა მწარმოებლებმა მის უწყებას უნდა აცნობონ ალკოჰოლური პროდუქციის წარმოებაში წესრიგის დამყარების თაობაზე, “მაგრამ საქართველოს ჯერ არაფერი არ შემოუთავაზებია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის“, – განაცხადა ონიშენკომ.


მისი თქმით, ქართულ პროდუქციაზე “ვრცელდება იგივე პრინციპები, რაც მოლდავურზე“.


მოლდავური ალკოჰოლური პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, რომლის იმპორტიც მოსკოვმა ქართულ ღვინოებთან ერთად აკრძალა, 28 ნოემბერს დსთ–ს სამიტის ფარგლებში რუსეთისა და მოლდავეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე გადაწყდა.

Back to top button