ახალი ამბები

პატარკაციშვილი ლიტვინენკოს საქმეზე კომენტარს აკეთებს

გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დაადასტურა სამსახურეობრივი კავშირი ანდრეი ლუგოვოისთან, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს რუსი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის შედეგად გარდაცვალების ფაქტთან.


პატარკაციშვილის კუთვნილი ტელერადიო კორპორაციის “იმედის“ კონკურენტი ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ბოლო დროს აქტიურად აშუქებდა ლიტვინენკოს მოწამვლის თემას და ამ საქმესთან პატარკაციშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომლის ანდრეი ლუგოვოის შესაძლო კავშირზე ამახვილებდა ყურადღებას. გავრცელებული ინფორმაციით, ლუგოვოი ლიტვინენკოს ლონდონში მოწამვლამდე შეხვდა.


“რაც შეეხება ლუგოვოის, ის არის ნამდვილად ჩემი დიდი ხნის ახლობელი. 13 წელია ვმუშაობთ ერთად სხვადასხვა სტრუქტურებში. ძირითადად ის ახორციელებდა დაცვით ფუნქციებს იმ სტრუქტურებში, რომლებშიც მე ვმუშაობდი, რადგან თვითონ არის ყოფილი მაშინდელი КГБ-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) და ახლანდელი ФСБ-ს (უშიშროების ფედერალური სამსახურის) ყოფილი თანამშრომელი“, – განაცხადა დღეს “იმედის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბადრი პატარკაციშვილმა.


მისი თქმით, სანამ ბრიტანეთის პოლიცია ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეს იძიებს, “მიჭირს რაიმე დავამტკიცო ან უარვყო“ ამ საქმესთან ლუგოვოის შესაძლო კავშირზე.


“ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ლუგოვოი არაფერ შუაში არ იქნება ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ერთი ჭეშმარიტება არსებობს, რომელსაც მე ვეთანხმები, რომ ყოფილი КГБ-ს აგენტები  – ასეთი მცნება ბუნებაში არ არსებობს”,  – განაცხადა პატარკაციშვილმა.

Back to top button