skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი დსთ–ს მინსკის სამიტზე გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინსკში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დსთ–ს მეთაურთა სამიტში.


“მინდა ყველას ესმოდეს ის მოტივაცია, რომლითაც საქართველოს დელეგაცია მინსკში მიემგზავრება. ჩვენ გვესმის, რომ დსთ, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, საკმაოდ არაეფექტიანი ორგანიზაციაა, მაგრამ საქართველოს არა აქვს უფლება რომელიმე ტრიბუნა არ გამოიყენოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა დსთ–ს სამიტამდე.
 
სამიტის ფარგლებში სააკაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს დსთ–ს ცალკეული ქვეყნების მეთაურებთან, მათ შორის არ არის გამორიცხული, რომ შედგეს პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან. ამ შეხვედრის ინიციატივით ქართული მხარე გამოვიდა, თუმცა ჯერ–ჯერობით მოსკოვს თანხმობა არ განუცხადებია.


მიხეილ სააკაშვილმა 27 ნოემბერს კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობას, რომელიც ამ მთავრობის მმართველობის პერიოდში უნდა მოხდეს.


“ჩვენზე განხორციელებული ზემოქმედების მიზანია, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენა, შიდა განხეთქილების წარმოსაქმნელად, მაგრამ ეს არ ხდება და არც მოხდება; ხოლო მეორეს მხრივ, ხალხის შევიწროება იმისათვის, რომ მან საკუთარი არჩევანი შეცვალოს. თუმცა ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ზემოქმედება, ქართველი ხალხი არასოდეს იტყვის უარს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და საქართველოს მთლიანობის იდეაზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button