skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი თურქეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 23 ნოემბერს სტამბოლში თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულაჰ გიულს და ენერგეტიკის მინისტრს გიულერ ჰილმის შეხვდება.


შეხვედრები 23-24 ნოემბერს დაგეგმილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება.


ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო ცდილობს უფრო იაფი შაჰ-დენიზის გაზი შეიძინოს, ვიდრე ამას ამჟამად არსებული კონტრაქტი ითვალისწინებს. 2006 წლის დეკემბრიდან სამხრეთ კავკასიური გაზსადენი დაიწყებს შაჰ-დენიზის გაზის საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებას.


პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად 30 ნოემბერს ბაქოში გაემგზავრება, სადაც იგივე საკითხს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან განიხილავს.    


რუსულმა ენერგოკომპანია “გაზპრომმა” განაცხადა, რომ 2007 წლის იანვრიდან საქართველოს 1000 კუბურ მეტრ გაზს 230 აშშ დოლარად მიყიდის.


მომავალ წელს საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, როგორც სატრანზიტო ქვეყანა; ამას ემატება 50 მილიონი კუბური მეტრი შეღავათიან ფასად – 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე.  საქართველოს დამატებით 50 მილიონი კუბური მეტრი იაფი გაზის შესყიდვა სურს სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან. 


თუმცა, თურქული და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი ვერ შეძლებს დამატებითი გაზი მიაწოდოს საქართველოს, რადგანაც 2007 წელს ბაქო შესაძლოა თავად დადგეს გაზის დეფიციტის წინაშე.


აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “ტრენდი“ იტყობინება აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის გაზმომარაგების შემცირებას 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს.


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 22 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან გაზის მოწოდების თაობაზე და დეტალები მხოლოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button