ახალი ამბები

კოკოითი სანაკოევის ექსტრადირებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ცხინვალი სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ექსტრადირებას მოითხოვს.


“სანაკოევი და [ურუზმაგ] ქარქუსოვი [ერედვში განთავსებული ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე] თავიანთი სამშობლოს და ოსი ხალხის მოღალატეები არიან. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოსგან სანაკოევის ექსტრადირებას, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აქ აღძრული“, – განაცხადა კოკოითმა ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე.


ურუზმაგ ქარქუსოვმა 13 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯავაში მისი სახლი დაწვეს.


ედუარდ კოკოითმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარების მოპოვება 12 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე.  


“არ გვინდა შევქმნათ ილუზია, რომ გუშინდელი არჩევნების შემდეგ დღეს ჩვენ გვაღიარებენ საერთაშორისო დონეზე. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ აღიარება. მაგრამ რეფერენდუმი მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება მათთვისაც კი, ვინც დღეს მას არ აღიარებს“, – განაცხადა კოკოითმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button