ახალი ამბები

პრესა ოქრუაშვილის გადადგომის შესახებ

ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან უკავშირდება მის რადიკალურ პოლიტიკურ განცხადებებს – ეს აზრი აქტიურად მუსირებს 11 ნოემბრის ქართულ და რუსულ პრესაში.


გაზეთ “24 საათის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე წერს: “გადაწყვეტილება ოქრუაშვილის გადაყენების შესახებ ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით პირველი იანვრის მოახლოებასთან ერთად, რომლის აღნიშვნასაც თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ცხინვალში გეგმავდა… პრეზიდენტს ორი არჩევანი რჩებოდა – ან ოქრუაშვილის მოხსნა, ან მისი “სიტყვის კაცად“ გამოყვანა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ სააკაშვილი შეცდომას არ დაუშვებდა და ქვეყნის ინტერესებს თავდაცვის მინისტრს არ გადააყოლებდა. შეფასებები, რომ ოქრუაშვილის გადაყენებით საქართველო რუსეთს უხრის ქედს, სრულიად არაადექვატურია შექმნილ ვითარებაში. პირველი იანვრის მოახლოებამდე ოქრუაშვილის გადაყენება ზუსტი სიგნალი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ აპირებს დაკარგული ტერიტორიების ომით დაბრუნებას… პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის “სახე შეენარჩუნებინა“… თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხასიათით ახალი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ძალიან ჩამოგავს ოქრუაშვილს“.


გაზეთი “რეზონანსი“ წერს, რომ ოქრუაშვილი ჩამოაქვეითეს. “არც იმას გამორიცხავენ, რომ კეზერაშვილმა დიდხანს ვერ შეინარჩუნოს მინისტრის სავარძელი. ამბობენ, რომ ამ თანამდებობაზე გაეროში საქართველოს ელჩს ირაკლი ალასანიას ამზადებენ“, – აცხადებს “რეზონანსი“ და აქვე დასძენს, რომ ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრად გადაყვანა მოულოდნელობა აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ მმართველი პარტიის ბევრი დეპუტატისთვისაც.


რუსული გაზეთი “კომერსანტი”  სტატიაში “ქართველი ქორი გაფრინდა თავდაცვის სამინისტროდან“ წერს, რომ ოქრუაშვილის გადადგომა ორი დღით უსწრებს წინ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაგეგმილ რეფერენდუმსა და საპრეზიდენტო არჩევნებს და ასევე უსწრებს წინ ნოემბრის ბოლოს მინსკში დაგეგმილ დსთ-ს ლიდერების სამიტს.


“აშკარაა, რომ თბილისი ახლა კრემლის პოზიციის შერბილებას ელის“, – წერს “კომერსანტი”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button