
ნოღაიდელი: საქართველო პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვემდებარება
პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს მთავრობის სხდომაზე “პოლიტიკური შანტაჟი“ უწოდა “გაზპრომის“ მიერ საქართველოსთვის გაზის ფასის შესაძლო გაზრდას და ამ ფასის საქართველოს აქტივებით დაფარვის შესახებ განცხადებებს.
7 ნოემბერს “გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ძალაშია მისი სურვილი შეიძინოს მაგისტრალური გაზსადენი, რითიც მოხდება 2007 წლიდან 110–დან 230 დოლარამდე საქართველოსთვის 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასის კომპენსაცია.
“გასაგებია, რომ მათ [“გაზპრომის“]მიერ გამოცხადებული ფასი და ყველაფერი ამის ირგვლივ არის პოლიტიკა და პოლიტიკური შანტაჟი. საქართველო პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვემდებარება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და დასძინა, რომ ადგილობრივი გაზგამანაწილებელი კომპანიები მოლაპარაკებებს აწარმოებენ “გაზის კომერციული ფასის“ შესახებ არამატო რუსეთთან, არამედ გაზის მწარმოებელ სხვა ქვეყნებთან.
“შესაბამისად ჩვენ ავირჩევთ საქართველოს კომპანიებისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის საუკეთესო ვარიანტს“, – აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა.
რუსული ბუნებრივი აირის ფასის გაძვირებაზე კომენტარი გააკეთა ასევე საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.
“რატომ ხდება ის, რომ ერთ მეზობელ ქვეყანას აქვს მარალი ფასი და მეორეს დაბალი ფასი და მეტიც, სად არის ტრანსპარენტული ფორმულა გაზის ფასის შექმნის?.. არ შეიძლება ეკონომიკური სანქციებით და საქართველოს სრული ბლოკადით მიაღწიო პოლიტიკურ მიზანს, რათა საქართველომ შეცვალოს აღებული კურსი [ევროინტეგრაციისაკენ]”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)