skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა და ლავროვმა “რთული საუბარი“ გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან 1 ნოემბერს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების “ყველა მტკივნეული საკითხი“ განიხილეს.


“ჩვენ რუსულ-ქართული ურთიერთობების ყველა ასპექტი განვიხილეთ; საათნახევრიანი საუბრის დროს აბსოლუტურად ყველაფერზე ვისაუბრეთ. რთული საუბარია, მაგრამ მინდა გითხრათ და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის მხარე მიხვდა და გავაგებინეთ ჩვენ ის, რაც გვტკივა ორმხრივ ურთიერთობებში და არა მარტო ჩვენ. ის მეთოდები, რითიც ჩვენ ერთმანეთს ვუპირისპირდებით არ არის მისაღები“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა თავის მოკლე კომენტარებში ქართველი ჟურნალისტებისთვის.


მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ “განხილულ იქნა ორმხრივი საკითხები, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონლიქტების მოგვარების პროცესის გარშემო არსებული ვითარება“.


“რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რა პირობებითაა შესაძლებელი რუსულ-ქართული ურთიერთობების დაბრუნება ნორმალურ კალაპოტში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინებაში, თუმცა პირობები დაკონკრეტებული არ არის.


სხვა ინფორმაცია მოლაპარაკებების დეტალების თაობაზე არ გავრცელებულა.


მოლაპარაკებების წინ პრესისთვის გაკეთებულ კომენტარებში სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შეხვედრა იმართებოდა “ორმხრივი ურთიერთობების არც თუ საუკეთესო პერიოდის“ ფონზე.      


“იმედი მაქვს, რომ შეხვედრის შემდეგ უფრო გაირკვევა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ვითარების გამოსასწორებლად“, – განაცხადა ლავროვმა.


“ჩვენ მზად ვართ ჩვენი ურთიერთობები იმ მიმართულებით წავიყვანოთ, რომელიც შეესაბამება ჩვენ ისტორიულ ტრადიციებს. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა დაეფუძნოს ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას“, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა.


შეხვედრა, რომელიც შავის ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში გაიმართა, პირველი მაღალი დონის შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოდან რუსეთსა და საქართველოს შორის უკანასკნელი წლების მანძილზე ყველაზე მეტად დაიძაბა ურთიერთობები. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button