ახალი ამბები

სახალხო დამცველი პატიმართა უფლებების დარღვევების გამოძიებას მოითხოვს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 30 ოქტომბერს რუსთავის ციხეში პატიმართა უფლებების დარღვევების სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ პატიმარს შიშვლებს ამყოფებდნენ საკნებში.   


სასჯელაღსრულების სისტემის ოფიციალურმა პირებმა უკვე უარყვეს ეს განცხადებები.


“ეს ტყუილია. არავის არასდროს არ უნახავს შიშველი პატიმრები”, – განაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელმა ბაჩო ახალაიამ.  


“ორმა ადამიანმა [სახალხო დამცველის აპარატიდან] თავისი თვალით იხილა შიშველი პატიმრები საკნებში. ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება და ეს რეაგირება უნდა იყოს გამოძიება და არა ყველაფრის უარყოფა“, – განაცხადა სუბარმა.

ოპოზიციონერი დეპუტატები პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამების ფაქტებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნასა და სისტემის ხელმძღვანელის ბაჩო ახალიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.


ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წევრები კახა კუკავა, გია თორთლაძე და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი კოკა გუნცაძე დღეს სახალხო დამცველს შეხვდნენ და ამ საკითხზე იმსჯელეს.


ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც პატიმართა უფლებების დარღვევების ფაქტებს გამოიძიებს.  


დეპუტატმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ბაჩო ახალაიას უნდა დაეკისროს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button