skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა უცხოელ დიპლომატებს კოდორის ინციდენტზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და მისმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრა გამართეს და 25 ოქტომბერს კოდორის ხეობაში ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


ქართული მხარე ამტკიცებს, რომ კოდორის ხეობის მიმართულებით აფხაზეთის მხრიდან, კერძოდ, ტყვარჩელის რაიონიდან სამი “გრადის“ ტიპის ჭურვი ისროლეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თბილისის განცხადებით, ეს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევაა.


რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი ივან ვალინკინი, რომელიც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში მას შემდეგ, რაც რუსეთმა ელჩი გაიწვია, ასევე მონაწილეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ დღევანდელ შეხვედრაში.


“ითქვა [შეხვედრაზე], რომ საქართველოს სამხედრო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სროლა გარკვეული მიმართულებიდან განხორციელდა და გარკვეული სახის ჭურვები იყო გამოყენებული. მაშინვე ჩნდება კითხვა: რას აკეთებდნენ იქ სამხედრო ექსპერტები, როცა კოდორის ხეობაში არ უნდა იმყოფებოდეს არცერთი სამხედრო პირი“, – განუცხადა ვალინკინმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოდორში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციაა.


“ამ სამხედრო პროვოკაციაში მოგებული იქნება მხოლოდ რუსული მხარე, რომლის მიზანი არის, რომ სამხედრო ესკალაცია დაიწყოს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button