ახალი ამბები

მერაბიშვილი კოდორის ხეობაში მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ზემო კოდორის ხეობიდან ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ამ ტერიტორიას 25 ოქტომბერს დილით აფხაზეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუხსნეს ცეცხლი.


“დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე სოფელ აჟარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა სამი “გრადის“ ჭურვი, რომელიც გამოსროლილი იყო ტყვარჩელის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს წვრთნები. ეს ჭურვები დასახლებული პუნქტიდან ერთნახევარი კილომეტრის მანძილზე ჩამოვარდა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ სროლები სოფელ ზემო აჟარიდან 15-20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა.


თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ცეცხლი იმ ადგილს გაუხსნეს, სადაც ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა.


თუმცა, კითხვაზე იყო თუ არა ის სამიზნე, ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ “ამის თქმა რთულია“.


“მე ვთვლი, რომ ეს არის აფხაზეთისა და რუსეთის ძალების პროვოკაცია. ეს პროვოკაცია საეჭვოდ დაემთხვა [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ] პუტინის საგანგაშო განცხადებებს, რომელიც მან დღეს გააკეთა. არ არის გამორიცხული, რომ ამ განცხადებით გათამამებულებმა გამოისროლეს ეს ჭურვები“, – განაცხადა მერაბიშვილმა. 


რუსეთის მოსახლეობის კითხვებზე პასუხისას პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა. პირდაპირი ეთერი 12 საათზე, კოდორში მომხდარი ინციდენტიდან საათნახევრის შემდეგ დაიწყო.


აფხაზურმა მხარემ უკვე უარყო რაიმე კავშირი ინციდენტთან. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 25 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედს“ და “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ინციდენტის უკან შესაძლოა ემზარ კვიციანი იდგეს.


კვიციანმა თავად განაცხადა პარტიზანული ომის დაწყების თაობაზე [საქართველოს სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ]… ჩვენ ვიცით, რომ სროლები ზემო კოდორის ხეობაში ყოველდღიურად ხდება“, – განაცხადა სერგეი შამბამ.

23 ოქტომბერს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მედია–ცენტრი იტყობინებოდა, რომ ემზარ კვიციანი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ხშირად სტუმრობს ზემო კოდორის ხეობას, რათა შეამოწმოს შსს-ს დანაყოფების მდგომარეობა, “ასევე იმ მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი, რომელიც ზემო აფხაზეთში ხორციელდება“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button