სხეფერი: ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა რუსეთს არ უნდა აღიზიანებდეს
ნატოს გენერალური მდივნის იააპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, საქართველოს შემდგომი დაახლოება ნატოსთან დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს საქართველო შიდა და საგარეო უთანხმოებების მშვიდობიანად მოგვარებას.
ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში 26 ოქტომბერს, მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის წინ საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოსთან მიმდინარე ინტენსიური დიალოგი, რომლის მიზანიც არის გაიაზროს საქართველოს ხელისუფლებამ რამდენად მკაცრი ვალდებულებები ეკისრება ნატოს პოტენციურ წევრებს, “არ ნიშნავს, რომ საქართველო ძალიან მალე შევა ნატოში“.
“მართალია საქართველო ამისკენ [ნატოს წევრობისკენ] აშკარად მიისწრაფვის, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები, რომელიც აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ერთგულია საქართველო ძირეული რეფორმებისა და ნატოს ძირითადი პრინციპების მიმართ, როგორიცაა შიდა და საგარეო უთანხმოებების მშვიდობიანად მოგვარება“, – აცხადებს სხეფერი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოსკენ სწრაფვა არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს “ანტირუსულ“ ალიანსში სურთ გაერთიანება.
“თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ხელმძღვანელობა მიიჩნევს ნატოს შეუცვლელ სტრატეგიულ პარტნიორად, მაშინ არა მგონია, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნების მიერ გაკეთებული ანალოგიური დასკვნა, უნდა გახდეს გამაღიზიანებელი“, – აცხადებს იააპ დე ჰოოპ სხეფერი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)