
ბაღაფში და კოკოითი რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას მიესალმებიან
თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი მიესალმნენ საქართველოს მიმართ რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც მან ფინეთში, ევროკავშირი–რუსეთის სამიტზე გამოხატა.
ვლადიმერ პუტინმა 20 ოქტომბერს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისი სეპარატისტული კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებისათვის ემზადება.
“სრულიად მართალია რუსეთის პრეზიდენტი იმაში, რომ საქართველო აქტიურად ემზადება ომისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ქვეყანაში [საქართველო] მოლაპარაკებათა პროცესის საიმედო მონაწილეს, რომელსაც შესწევს უნარი შეასრულოს აღებული ვალდებულებები“, – იუწყება “აფსნიპრესი“ სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
ედუარდ კოკოითი კი აცხადებს, რომ საქართველოს შემადგენლობაში ოს ხალხს “გენოციდი“ ემუქრება.
“იმ დროს, როცა საქართველოს პოლიტიკის საფუძველი ნაციონალ–შოვინიზმია, არავის შეუძლია გზა გადაგვიღობოს დამოუკიდებლობისაკენ გზაზე. ჩვენ ყველანაირი პოლიტიკურ–სამართლებრივი საფუძველი გვაქვს მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა, რუსეთთან ინტეგრაციული პროცესები კი შემდგომში გაღრმავდება“, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.