
პარლამენტი რუსეთიდან დეპორტაციის თაობაზე სპეციალურ კომისიას შექმნის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხებს შეისწავლის.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება საინფორმაციო ბანკი უკვე დეპორტირებულთა და იმ ადამიანების შესახებ, ვისაც პრობლემები ექმნება რუსეთში.
“ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე ამის ტირაჟირებაში და საპარლამენტო კონტაქტების გამოყენებით დავიცავთ ყველგან საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველების ინტერესებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ქართულ–რუსული ურთიერთობების დაძაბვის ფონზე რუსეთიდან უკვე 400–მდე ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, რომლის დროსაც ერთი მამაკაცი “არაადამიანური“ მოპყობის გამო მოსკოვის აეროპორტში გარდაიცვალა.