skip to content
ახალი ამბები

საქართველო პუტინს “დეზინფორმაციის” გავრცელებაში ადანაშაულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 20 ოქტომბერს ფინეთში ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  საქართველოს მიმართ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა “განზრახ დაამახინჯა ფაქტები“ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის თაობაზე.


გუშინ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ის “ვერ იფიქრებდა, რომ ასეთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ასეთი, აშკარად არაზუსტი გზით უპასუხებდა – და პირდაპირ შეურაცხყოფას მიაყენებდა თავისი ევროპელი კოლეგების ინფორმირებულობას“.


მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობა “ღირებულებების კონფლიქტის გამო“ წარმოიშვა. 


“ბატონი პუტინი საქართველოს იყენებს საბაბად, რომ თავიდან აიცილოს უბრალო ფაქტი. ეს არის კონფლიქტი ევროპულ ღირებულებებსა და პრატიკას და რუსეთში დღეს არსებულ პრაქტიკას შორის. ამის გაკეთება მან ფაქტების დამახინჯებით გადაწყვიტა – და მე აქ იმისთვის ვარ, რომ გამოვასწორო ეს“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


თავის განცხადებაში გელა ბეჟუაშვილმა ჩამოთვალა ის “მიზანმიმართული უზუსტობები“, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ფინეთში ევროკავშირი-რუსეთის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


“ნომერ პირველი მიზანმიმართული უზუსტობა: არასოდეს ისტორიაში არ მომხდარა გენოციდი სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა თავიდან აგროვებს ფაქტებს და ისტორიას, რომელიც მათი საკუთარი ვერსიების და ინტერესების შესაფერისი იქნება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“ნომერ მეორე მიზანმიმართული უზუსტობა: რაც შეეხება აფხაზეთს, ეთნიკური წმენდა იქ მოხდა. და ეს განახორციელა 500 000 ადამიანის წინააღმდეგ იმ ჯარებმა, რომლებსაც აიარაღებდა და მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაცია – და აქედან 280 000 ეთნიკური ქართველი იყო. ამ ხალხს თავიანთ სახლებში უკან არ უშვებენ, რადგანაც იქ რუსეთის ჯარები დგანან, რომლებიც მათ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


“ნომერ მესამე მიზანმიმართული უზუსტობა: საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს არ აქვს განზრახვა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს – როგორც ეს უკვე მრავალჯერ ითქვა. ეს არის წმინდა ფიქცია და რუსეთის პრეზიდენტმა იცის ეს, მაგრამ ურჩევნია ჩათვალოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ იცის ამის შესახებ“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება “რუსეთის პრეზიდენტის დაინტერესებას რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის აღდგენის თაობაზე“.


თუმცა მან ასევე გააფრთხილა, რომ “სეპარატიზმის უპასუხისმგებლო და ცინიკურმა მხარდაჭერამ დიდი ქვეყნების მიერ“ შესაძლოა სისხლისღვრა და უბედურება მოიტანოს.


“ჩვენ ეს არ გვჭირდება. ევროპას ეს არ სჭირდება. მსოფლიოს ეს არ სჭირდება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გელა ბეჟუაშვილმა ევროკავშირს მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


“ჩვენ თქვენი ხმა გვჭირდება, ევროპის კოლექტიური, ერთიანი ხმა“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“მარტო ნუ დაგვტოვებთ“, – დასძინა მან.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button