ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე და ევროკავშირის რეაქციაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის ზეწოლას და სანქციებს “სიმშვიდით და რეფორმების გაგრძელებით” უნდა უპასუხოს.


მისი თქმით, “ამჟამად, გამყოფი ხაზი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, საერთაშორისო ურთიერთობებში პრინციპულ და უპრინციპო მიდგომებს შორის საქართველოზე გადის“.


საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დასკვნებს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის თაობაზე და მათ “უდიდესი მიღწევა“ უწოდა.


“მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და მუქარისა ევროკავშირის მიმართ, ამ ორგანიზაციამ გამოიჩინა სიმამაცე რეაგირებით[რუსეთ-საქართველოს დაძაბულობაზე]“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


“ხვალ, ევროკავშირი-რუსეთის სამიტი საქართველოს შესახებ იმსჯელებს. ჩვენ ველით ევროკავშირის ძალიან პრინციპულ პოზიციას ადამიანის უფლებათა დარღვევების იმ ფაქტებზე, რომლებიც [რუსეთში მცხოვრები] ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა“, – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ ის მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს თავის რუს კოლეგას.


მისი თქმით, მოსკოვში დეპორტაციის წინ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება იყო რუსეთის ოფიციალური პირების არაადამიანური მოპყრობის შედეგი.


“ყველამ მსოფლიოში რეაგირება უნდა მოახდინოს ამ არაადამიანურ ქმედებაზე“, – განაცხადა მან.


სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სარჩელს ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად ქართველი დეპორტირებულების უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.


მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის.


“მზად ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი [გელა ბეჟუაშვილი] მოსკოვში გავაგზავნო. თქვენ იცით, რომ იქ [მოსკოვში] ტარდება შავის ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი [1 ნოემბერს]“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის დსთ-ს სამიტში მიიღოს მონაწილეობა, რადგანაც “ჩვენ არც ერთ ტრიბუნაზე და დიალოგის არც ერთ საშუალებაზე არ ვიტყვით უარს“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button