
ახალი ამბები
ევროკავშირის დასკვნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე
ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა საბჭო
2006 წლის 16-17 ოქტომბერი
საბჭოს დასკვნები საქართველო-რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების შესახებ
- საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებულ ურთიერთობებში ბოლო დროს გამწვავებული ვითარების გამო. საბჭო ხაზს უსვამს საჯარო რიტორიკის შერბილების მნიშვნელობას და ორივე მხარეს მოუწოდებს განაახლონ დიპლომატიური დიალოგი ურთიერთობათა ნორმალიზაციის მიზნით.
- საბჭო მიესალმება ტროიკას (საგარეო საქმეთა მინისტრების შემადგენლობით), უმაღლესი წარმომადგენლის, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ რუსი დაკავებული პირების დაბრუნების მიზნით გაწეულ სასარგებლო ძალისხმევას.
- საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ზომებისა და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ამ ზომებით გამოწვეული შედეგების გამო. საბჭო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას არ განახორციელოს ისეთი ზომები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველთა წინააღმდეგაა მიმართული. ის მოუწოდებს ორივე მხარეს იმოქმედონ საერთაშორისო ვალდებულებებისა და მოვალეობების შესაბამისად.
- საბჭო ითვალისწინებს ევროკავშირის სურვილს კიდევ უფრო განავითაროს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან და ასევე მის მიზანს გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ამ კონტექსტში, საბჭო ადასტურებს ევროკავშირის სურვილს ითანამშრომლოს საქართველოსთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთნდობის აღდგენისა და კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით. ევროკავშირს ასევე სურვილი აქვს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან და რუსეთის ფედერაციასთან რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.
- საბჭო ორივე მხარეს მოუწოდებს თავინთი ძალისხმევა მოახმარონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. საბჭო მოუწოდებს მხარეებს სრულად დაიცვან კონფლიქტებთან დაკავშირებით ადრე მიღწეული შეთანხმებები, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის N1716 შესაბამისად.”
2006 წლის 17 ოქტომბერი