ახალი ამბები

აშშ-ს ელჩი გაეროს რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს

აშშ-ს ელჩმა გაეროში ჯონ ბოლტონმა 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში  აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული მხარის მიერ ზემო კოდორის ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციას მიიჩნევს საქართველოს სუვერენულ უფლებად.


“გვინდა ნათლად განვაცხადოთ, რომ აშშ  ქართველი სამართალდამცავების მიერ კოდორის ხეობაში განხორციელებულ ქმედებას მიიჩნევს, როგორც საქართველოს მთავრობის სუვერენული უფლების გამოხატულებას და ვალდებულებას უზრუნველყოს თავისი მოქალეების მოთხოვნები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის აფხაზეთის ზემო კოდორის ხეობაში, იმ პირობით, რომ საქართველოს მთავრობა ამას აკეთებს ცეცხლის შეწყვეტისა და სხვა შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ.


მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფი (გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) 28 სექტემბერს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე რეზოლუციის დაბალანსებულ ტექსტზე შეთანხმდა.


თუმცა, მოგვიანებით რუსეთმა, ბოლტონის თქმით, თავისი რეზოლუციის პროექტი მეგობარ ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე წარადგინა.


“ვწუხვართ, რომ რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა განსახილველად გამოეტანა რეზოლუცია საქართველოს მეგობარი ქვეყნების საქმიანობის ჩარჩოს მიღმა, რაც არ შეესაბამება მეგობარ ქვეყნებს შორის დროთაგანმავლობაში დამკვიდრებულ მჭიდრო თანამშომლობის პრინციპებს… მიუხედავად ამისა, რადგანაც აუცილებებლად მიგვაჩნია კონსტრუქციული რეზოლუციის მიღება, რომელიც ორივე მხარეს დაეხმარება კონფლიქტის გადაჭრის საკითხში, ჩვენ მაქსიმალურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები დასახული მიზნის მისაღწევად საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფარგლებში, რათა ამ მოლაპარაკებების პროცესში მიგვეღო რეზოლუციის ისეთი ტექსტი, რომელიც ყველასთვის მთლიანად მისაღები იქნებოდა“, – განაცხადა ბოლტონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button