ახალი ამბები

საქართველო რუსეთს ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე აფრთხილებს

საქართველოს დელეგაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნია რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების მრავალმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარების თარიღზე დისკუსიების გაგრძელება, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება 12 ოქტომბერს.


“ამგვარად, რუსეთის ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანების მრავალმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით. მისი თარიღის განსაზღვრის მიზნით, სავარაუდოდ, მუშა ჯგუფის თავმჯდომარე წევრ ქვეყნებთან დამატებით გავმართავთ კონსულტაციებს“, -აცხადებს საგარეო უწყება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ ქართული ღვინის, ღვინომასალების, შუშხუნა ღვინოების, მინერალური წყლებისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვას მოყვა მდგომარეობის გაუარესება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ახლახანს დაწესებული დამატებითი ეკონომიკური სანქციებით, “რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს რუსეთის მხრიდან საქართველოს სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევას“.


2006 წლის მარტში, სანამ რუსეთი საქართველოს სანქციებს დაუწესებდა, თბილისმა განაცხადა, რომ დათანხმდებოდა რუსეთის ვმო-ში წევრობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ როკის გვირაბზე და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს საბაჟო კონტროლი აღდგებოდა. 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button