
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის შეწყვეტას აპირებს
ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი 10 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვლას გეგმავს მაშინ, როცა მრეწველები და ახალი მემარჯვენეები ბოიკოტის შეწყვეტისაგან თავს იკავებენ.
სამივე ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო 31 მარტს გამოუცხადა.
“ერთადერთი ადგილი, სადაც ხელისუფლებასთან შეგვიძლია დებატები გავმართოთ, პარლამენტია, რადგან ისინი სატელევიზიო დებატებში არ მოდიან. მე მგონია, რომ ამ საშუალების გამოყენება ბუნებრივია“, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა 9 ოქტომბერს.
ფრაქცია მრეწველების ლიდერის ზურაბ ტყემელაძის განცხადებით, მისი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს ბოიკოტს, თუ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას უმცირესობის სტატუსს “ავტომატურად” მიანიჭებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად.
პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მრეწველთა ამ მოთხოვნის გაზიარება არ გამორიცხა.
ახალი მემარჯვენეები კი ამ ეტაპზე კატეგორიული წინააღმდეგები არიან შეწყვიტონ ბოიკოტი.
“ვნახოთ დინამიკაში რა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ხელისუფლების იგნორირების პოლიტიკის გამო ვინარჩუნებთ ბოიკოტის რეჟიმს“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან.