ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები რუსეთთან დაძაბულობაზე საუბრობენ

“საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში და მას ‘უპასუხისმგებლო” და “ფსევდო-პატრიოტული“ უწოდა.


“ჯაშუშების დაპატიმრება და გადაცემა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ამ დაპატიმრებიდან PR–კამპანიის გაკეთება საჭირო არ იყო, განსაკუთრებით არჩევნების წინ… რაც ახლა რუსეთთან ურთიერთობებში დაგვრჩა აბსოლუტურად არარაციონალურია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 6 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში “რეაქცია“. 


ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ ერთიანი პოზიცია დაიკავა და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა.


იმავე გადაცემაში კონსერვატორების ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ის არ იზიარებს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას.


“ჩვენ რუსეთთან ცივი ომის პირობებში ვიმყოფებით და ის, რაც ახლა გვჭირდება, არის კონსოლიდაცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.


თუმცა, მან გააკრიტიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ ვერ შეძლო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის უფრო დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა და რუსეთის მიერ ზეწოლის ზრდის ფონზე მეტი დასავლური მხარდაჭერის მოპოვება.


“კოსოვოს სტატუსის აღიარება სულ უფრო ახლოვდება და რუსეთი ამ მომენტს ელოდება, რომ დაუყოვნებლივ აღიაროს ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. ამასობაში, სულ ცოტა ხნის წინ ბატონმა სოლანამ [ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში] განაცხადა, რომ კოსოვოს შემთხვევა შესაძლოა პრეცედენტი გახდეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა მედიამ არ გააშუქა. ერთადერთი რამ, რისი საშუალებითაც ჩვენ მეტ დასავლურ მხარდაჭერას მოვიპოვებთ, არის ქვეყნის შიგნით დემოკრატიის გაძლიერება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button