
ლავროვი: რუსი ოფიცრების გათავისუფლება რუსულ–ქართულ პრობლემებს ვერ მოხსნიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მცდარია მოსაზრება თითქოს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების გათავისუფლება რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს მოხსნიდა, თუმცა აღნიშნა, რომ უპირატესობას დიპლომატიური მოგვარების გზებს ანიჭებს, იუწყება “რია ნოვოსტი”.
“საქართველოს ხელისუფლება თვეებისა და წლების მანძილზე ეწეოდა მიზანმიმართულ ანტირუსულ პოლიტიკას, მიზანმიმართულად ქმნიდა აბსოლუტურად ხელოვნურ პრობლემებს ჩვენს ურთიერთობებში, შემდეგ კი დაიჭირა რუსი ოფიცრები და მაშინვე გაუშვა და თუ ვინმე მოელის, რომ ეს შეამცირებს დაგროვილ პრობლემებს, ძალიან ცდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მან, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მსგავსად განაცხადა, რომ არავის ურჩევს რუსეთთან შანტაჟისა და პროვოკაციების ენით საუბარს.