
რენე ვან დერ ლინდენი თბილისსა და მოსკოვს მდგომარეობის განმუხტვისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რენე ვან დერ ლინდენმა მოუწოდა რუსეთსა და საქართველოს “დაიწყონ მდგომარეობის განმუხტვა”, იტყობინება ევროპის საბჭო.
4 ოქტომბერს სტრასბურგში რენე ვან დერ ლინდენმა შეხვედრა გამართა საპარლამენტო ასამბლეის ქართულ და რუსულ დელეგაციებთან.
“თქვენ ორივენი ხართ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და ამგვარად გაქვთ ვალდებულება მოაგვაროთ კონფლიქტები სამართლებრივი და დიპლომატიური საშუალებებით”, – განაცხადა მან შეხვედრისას.
რენე ვან დერ ლინდენმა შეახსენა ორივე მხარეს რეგიონში სტაბილურობის დაცვის ვალდებულება.
“წამქეზებლური გამოსვლები და პროვოკაციული ქმედება არ შეესატყვისება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მოვალეობებსა და ვალდებულებებს. პირიქით, ჩვენი საერთო ღირებულებები გვაძლევს რეალურ საფუძველს კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოსაგვარებლად”, – დასძინა პრეზიდენტმა.
მან მიმართა ორივე მხარეს არ გამოიყენონ ის საშუალებები, რაც საფრთხეს შეუქმნის უბრალო მოქალაქეებს.