ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს სამხედრო ტრანზიტზე ახალ წესებს უწესებს

თბილისი 9 ოქტომბრიდან ახალ წესებს აამოქმედებს სომხეთში, გიუმრის 102–ე რუსულ სამხედრო ბაზაზე საქართველოს გავლით რუსეთიდან განსახორციელებელ ტრანზიტზე და “რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია მხოლოდ ამ წესების დაცვით“ იმოქმედოს, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინიტრო.


“ეს არ ნიშნავს მთლიანად გადაადგილების აკრძალვას, მაგრამ რაც საფრთხეს შეიცავს ჩვენი მოქალაქეებისათვის: ატომური ენერგიის წყაროები, ფეთქებადი მასალები, სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებები – ამის გადაადგილებაზე ჩვენ განსაკუთრებულ კონტროლს დავაწესებთ“, – განუცხადა 3 ოქტომბერს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, “ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მოსახლეობას გაურთულოს ცხოვრება, ის კარგად დაფიქრდეს იმაზე, რომ ანალოგიური ბერკეტები ჩვენც გაგვაჩნია“.


ხელშეკრულებას “საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ“ 31 მარტს სოჭში მოეწერა ხელი.

Back to top button