სააკაშვილი მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს
4 ოქტომბრის საღამოს, სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობას 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში აქტიურობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა, როგორც მან განაცხადა, გარკვეულ ძალებს ”პასიური და გამტყდარი საქართველო არ დავანახოთ.”
მან 5 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენად შეაფასა.
“იმ ხალხს ძინავს და ესიზმრება 5 ოქტომბერს პასიური საქართველოს ნახვა, ესიზმრება, რომ ჩვენ ხვალ გავტყდებით, რომ ჩვენ ხვალ დავიქსაქსებით, რომ საქართველოს არ სურს დადებითი ტენდენციების გაგრძელება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
“ჩვენ მათ ჩვენი აქტიურობით უნდა დავანახოთ იმედიანი საქართველო… ჩვენ მათ დავანახებთ საქართველოს, რომელსაც ჯერა უკეთესი მომავლის და ერთიანობის. მათ სურთ დაინახონ მუხლებზე დაჩოქილი საქართველო, მაგრამ ხვალ ისინი დაინახავენ, თქვენი აქტიურობის შედეგად, წელში გამართულ საქართველოს… ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ჩვენ ვართ ერთიანები, ბრძოლაც შეგვიძლია და გამარჯვებასაც მიავაღწევთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
“ამიტომ ხვალ, 5 ოქტომბერს, ნურავინ დარჩებით სახლებში. ეს არის გადამწყვეტი დღე და მომენტი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის. ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი შვილების და შვილიშვილების ბევრად უფრო უკეთესი მომავლისთვის და საქართველოს მომავლისთვის. გავა ასწლეულები, და მერწმუნეთ, რომ თუ ჩვენ ხვალ ვიქნებით ერთიანები და ეს ერთიანობა გამტკიცდება, მომავალი თაობები იქნებიან მადლობლები ჩვენი თაობის, მადლიერი იმისთვის, რომ ჩვენი გარჯით და ბრძოლით გავამარჯვებინეთ მარადიულ, ერთიან, ძლიერ საქართველოს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ქვეყნის ოთხი მთავარი ამოცანა დაასახელა.
“პირველი ეს არის საქართველოს სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ჩვენ უკვე გვაქვს ალტერნატიული გაზსადენები; გვაქვს მოქმედი ნავთობსადენი; ვაფართოვებთ ენერგიის ტრანზიტს და ენერგიის შესყიდვას; და ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ვუზრუნველყოფთ იმას, რომ საქართველო აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ, ძალიან არასაიმედო წყაროზე [რუსეთზე] და მივაღწიოთ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, მეორე “ისტორიული ამოცანა“ არის ის, რომ “უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა საბოლოოდ დატოვოს ჩვენი სამშობლო და აღსრულდეს ქართველი ერის ორ საუკუნეზე მეტი ხნის ოცნება“.
მისი თქმით, საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და საქართველოსთვის დამატებით უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება მესამე ამოცანაა.
“დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური დიალოგი ნატოსთან, ჩვენ მიზანს მივაღწევთ“, – დასძინა პრეზიდენტმა.
“და მეოთხე და მთავარი ამოცანა არის კანონის და სამართლიანობის აღდგენა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დანარჩენ აფხაზეთში – ქვემო აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღესდღეობით ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ამ მიზანსაც მივაღწევთ“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)