ახალი ამბები

თბილისი კოდორის მონიტორინგში სამშვიდობოების მონაწილეობაზე თანხმდება

ქართული მხარე თანახმაა ზემო აფხაზეთის მონიტორინგში საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთონ “ამ ეტაპზე”, მიუხედავად მათ მიმართ არსებული პრეტენზიებისა, იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური 2 ოქტომბერს.


“დღეისათვის არსებული სიტუაციის დაბალანსების და ზემო აფხაზეთში ჩატარებული საპოლიციო ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდეგ შექმნილი ვითარების გასაცნობად, საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და მხარეების მოსაზრების გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ზემო აფხაზეთში პატრულირების ჩატარების თაობაზე”, – აცხადებს სამინისტროს პრესსამსახური.


ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები პატრულირების ჩატარებისათვის.


ადრე თბილისი კოდორის მონიტორინგში რუსი სამშვიდობოების მონაწილეობის  კატეგორიული წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს მხოლოდ გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფის ფარგლებში შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ხეობის პატრულირებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button