skip to content
ახალი ამბები

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრები გაათავისუფლეს

საქართველო გაათავისუფლებს ოთხ რუს სამხედრო ოფიცერს, რომელთაც ჯაშუშობაში ედებათ ბრალი, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 ოქტომბერს ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან კარელ დე გუხტთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსი ოფიცრების გათავისუფლება არის “კეთილი ჟესტი ჩვენი დასავლელი მეგობრებისადმი“ და ეს არ არის პასუხი რუსეთის ხელმძღვანელობის მუქარაზე.


“შეთანხმებას ეუთოსთვის რუსი ოფიცრების გადაცემაზე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მივაღწიეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი ოფიცრების დაჭერით საქართველომ გამოააშკარავა “შპიონაჟის ძალიან სერიოზული საქმე, რომელიც ჩემი ქვეყნის საბოტირებას ისახავდა მიზნად“.  


“ჩვენ გავანადგურეთ დაზვერვის ქსელი საქართველოში“, – დასძინა მან.


“ეს საქმე დოკუმენტებით არის დასაბუთებული და საკმაოდ ძლიერი სამართლებრივი მტკიცებულებები ახლავს… ჩვენ ასევე გვაქვს დამატებითი მასალები, რომელსაც ეუთოს გადავცემთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს “თვეების და წლების განმავლობაში და ფაქტიურად საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდან 1991 წლიდან“ ესმის რუსეთის მუქარა შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ.


“საქართველოს გზავნილი ჩვენი მეზობელი რუსეთის მიმართ არის: კმარა. ჩვენ გვინდა კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოგვექცნენ როგორც მეორეხარისხოვანს“,  – განაცხადა სააკაშვილმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button