ახალი ამბები

ოქრუაშვილი: რუსეთის სამხედრო შტაბის ალყას არ მოვხსნით

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე არ მოხსნის პოლიციის იმ ალყას, რომელიც თბილისში ამიერკავკასიის რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბს აკრავს ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრის დაკავების მიზნით.


მისი თქმით, 27 სექტემბერს ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ყველა პირი, რომელთა შორის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 4 რუსი ოფიცერია, “ქართულ მართლმსაჯულებას გადაეცემა, ბუნებრივია, ჩვენ ვიქნებით საკმაოდ მკაცრები“.


რუსული მხარე რუსი სამხედროების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და თბილისში მათი სამხედრო შტაბის შენობაზე ალყის მოხსნას მოითხოვს.


“რა თქმა უნდა [სამხედრო შტაბის] შენობას დიპლომატიური სტატუსის ელემენტები გააჩნია და ჩვენ საერთაშორისო ხელშეკრულებებს მკაცრად დავიცავთ და გარკვეული პატივისცემით მოვეპყრობით, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს ერთი რამ, ჩვენ არ მოვხსნით ე.წ შტაბის ალყას, მანამ იქ არსებობენ პირები, რომელთა მიმართაც არსებობს არამარტო ეჭვები, არამედ დასაბუთებული ბრალდებები გამყარებული მტკიცებულებებით შპიონაჟში, დივერსიული აქტების განხორციელებაში და ა.შ“, – განუცხადა “რუსთავი 2“–ს ირაკლი ოქრუაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, არცერთი დაკავებული და ძებნაში მყოფი რუსი ოფიცერი არ ატარებს დიპლომატიურ სტატუსს. 


“იყო დრო, რომ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად მივუდექით რუსეთის ხელისუფლების თხოვნას გადაგვეცა ერთ–ერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი პოლკოვნიკი ბოიკო [მედიაში გაუხმაურებელი ფაქტი], რომელიც ჩვენ გვყავდა დაკავებული და ეჭვმიტანილი იყო ელექტროგადამცემ ხაზებზე დივერსიების მოწყობაში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, იმის გამო, რომ ველოდით მათი [რუსეთის] კონტრუქციულ ნაბიჯებს, მაგრამ საპასუხოდ სულ სხვა მივიღეთ. დღეიდან ასეთი კონსტრუქცივიზმი იქნება დამთავრებული, ცალმხრივ თანამშრომლობას აზრი არ აქვს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 


მისი თქმით, საქართველო დღეს “მოწოდების სიმაღლეზეა“ და “აგენტების თარეშს აღარ დაუშვებს“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button