skip to content
ახალი ამბები

თბილისი შეშფოთებულია ცხინვალის რეფერენდუმის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს თვითაღიარებული დნესტრისპირეთისა და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლებების მიერ დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმების ჩატარების განზრახვასთან დაკავშირებით.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის 25 აგვისტოს ინფორმაციით, სეპარატისტული ხელისუფლების მმართველმა პარტიამ „ერთიანობა“ საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელმაც რეფერენდუმის ჩატარებას უნდა გაუწიოს ორგანიზება. გამოქვეყნდა უკვე შესაბამისი კანონიც.


„სავსებით ნათელია, რომ ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლების ეს “ინიციატივა” ემსახურება რეგიონში დაძაბულობის გამიზნულ ესკალაციასა და დესტაბილიზაციას, რაც, საბოლოო ჯამში, მიმართულია სამშვიდობო პროცესის ჩაშლისკენ“, – ნათქვმია საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროს მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტირასპოლისა და ცხინვალის თვითგამოცხადებული რეჟიმების მხრიდან რეფერენდუმის ჩატარება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის კონსტიტუციებს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.


„შესაბამისად, მომავალი რეფერენდუმების შედეგებს არანაირი კანონიერი და იურიდიული ძალა არ ექნება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადოდ იქნება შეფასებული“, – ნათქვმია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button