ახალი ამბები

სენატორი ლუგარი: კონფლიქტის ზონებში რუსი სამშვიდობო ძალები არ უნდა იყვნენ

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ”ეთანხმება საქართველოს მოსახლეობას რომ რუსი სამშვიდობო ძალები არ უნდა იყვნენ” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.


”ჩვენ არ ვართ რუსების იქ ყოფნის მომხრე… დიპლომატიამ შესაძლოა მიგვიყვანოს სიტუაციამდე სადაც სამშვიდობო ოპერაციას უფრო ნეიტრალური და მეგობრული მხარეები განახორციელებენ,” განაცხადა სენატორმა ლუგარმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოგაიდელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


”სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენ ვმუშაობთ ეუთო-სთან ერთად, რათა ვუზრუნველყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი დევნილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში… ჩვენ, ვფიქრობ, კონსტრუქციულად ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად რათა დიპლომატიური გზით მოხდეს საკითხის მოგვარება, თუმცა ამას ჯერ კონკრეტული წარმატება არ მოუტანია. მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც ქართველები, მოთმინებით ვართ განწყობილი და ველით უკეთეს შედეგებს,” – დასძინა ამერიკელმა სენატორმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button