skip to content
ახალი ამბები

კარასინი სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 11 აგვისტოს “როსიისკაია გაზეტა”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში საჭიროა მონიტორინგის ჩატარება რუსი სამშვიდობოების და და საერთაშორისო დამკვირვებელების მიერ.


კარასინს ასევე სახიფათოდ მიაჩნია კოდორის ხეობის ზედა ზონაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განლაგების იდეა, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა 28 ივლისს განაცხადა.


11 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გარდა წმინდა სამართლებრივი ასპექტისა, მორალური და პრაქტიკული თვალსაზრისითაც აბსულუტურად მიუღებელია კოლექტიური სამშვიდობო ძალების მონაწილეობა ხეობის მონიტორინგში იმ საერთო უნდობლობის ფონზე რომლითაც ე.წ. სამშვიდობოები სარგებლობენ მთლიანად საქართველოში და განსაკუთრებით აფხაზეთის ქართულ მოსახლეობაში“.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ასევე  უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქართული მხარის მიერ რუსი სამშვიდობოების დადანაშაულებას უმოქმედობაში და აცხადებს, რომ ისინი არ წარმოადგენენ კონფლიქტში მონაწილე მხარეს.


„მე ვთვლი, რომ ჩვენ სამშვიდობოებს ქართული მხარე დაუმსახურებლად ადანაშაულებს იმაში, რომ არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას… ისინი არ წარმოადგენენ კონფლიქტში ჩართულ მხარეს… სისხლისღვრას და რაიმე ფართომასშტაბიან შეტაკებას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც სამშვიდობოები აკონტროლებენ ამ წლების განმავლობაში, ადგილი არ ჰქონია. ბრალდებები მათი მისამართით მოგონილი და შეურაცხმყოფელია“, – ნათქვმია კარასინის მიერ რადიოსადგურ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 11 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.


კარასინის განცხადებით, საჭიროა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მიზნით  მოლაპარაკებების არსებული ფორმატის მექანიზმების ამოქმედება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button