skip to content
ახალი ამბები

აშშ საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია

აშშ შეშფოთებულია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების ხელახალი დაძაბვის გამო და მხარეებს მოუწოდებს განაახლონ მოლაპარაკებები კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე.


განცხადებაში, რომელიც 11 აგვისტოს ეუთოში აშშ-ს მისიამ გამოაქვეყნა აღნიშნულია, რომ „აშშ კვლავაც ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ორივე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს საყოველთაოდ აღიარებულ საზღვების ფარგლებში“.


განცხადებაში აშშ-ს მისია  მიესალმება კოდორის ხეობაში 25-26 ივლისს ჩატარებულ საპოლიციო ოპერაციას, რომლის მიზანიც „სამოქალაქო კონტროლის ხელახალი დამყარება კანონიერების აღსადგენად და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და სოციალური მომსახურების გაწევა იყო“.


„საქართველოს პოლიციის ძალების მოქმედებამ [კოდორის ხეობაში] ხელი შეუწყო საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დამნაშავეობის წყაროსა და დესტაბილიზაციის აღმოფხვრას“, – ნათქვამია აშშ-ს მისიის განცხადებაში.


„მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ კოდორის ხეობაში განხორციელებული პოლიციური ოპერაციის დროს ურთიერთნდობის გაძლიერებისკენ მიმართული ზომების მიღებას – როგორიცაა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნება, ძალის შემდგომ გამოყენებაზე უარის თქმა და შენაერთების თანმიმდევრული გამოყვანის დაწყება“.


განცხადებაში ასევე დადებითად არის შეფასებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კოდორის ხეობაში პოლიციური ოპერაცისას ჩაურევლობის ფაქტი, თუმცა შეშფოთებას იწვევს აფხაზური მხარის განცხადებები ძალის გამოყენების შესახებ.


„დაჟინებით ვთხოვთ ორივე მხარეს სასწრაფოდ დაუბრუნდნენ საკოორდინაციო საბჭოს და განაახლონ მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.


აშშ-ს მისია ასევე აუცილებალდ მიიჩნევს და მხარს უჭერს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო პოლიციის ძალების განლაგებას, იმ ფონზე როცა პრესის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია აფხაზეთში რუსეთის ოფიცრების და სამხრეთ კავკასიიდან მოხალისე კერძო პირების ყოფნის თაობაზე.


აქვე აშშ მოუწოდებს მხარეებს დაიცვან 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი პუნქტით აფხაზეთის საზღვრებს გარედან შემოსული მოხალისეების ყველა ფორმირება უნდა იყოს დაშლილი და გაყვანილი მისი ტერიტორიიდან.


აშშ გმობს ასევე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ავნევის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში მოქმედი ბანდიტების მიერ სამი ქართველი პოლიციელის დაჭრისა და ეუთოს დამკვირვებლების მიერ სოფელ ტბეთის მახლობლად ოსების მიერ ამოთხრილი სანგრების აღმოჩენის ფაქტებს.


„ეს შემთხვევები ხაზს უსვამს როკის გვირაბის საერთაშორისო მონიტორინგის და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ეუთოს დამკვირვებლების – იმ პირობით, რომ ეს დამკვირვებლები სათანადოდ იქნებიან დაცულნი – რიცხვის გაზრდის საჭიროების ფაქტებს“, – ნათქვმია განცხადებაში.


აშშ კვლავ აცხადებს, რომ საჭიროა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიერ 2005 წლის დეკემბერში საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონისათვის დამტკიცებული სამშვიდობო გეგმისა და საქართველოს მიერ აფხაზეთის რეგიონისათვის შემუშავებული საგზაო რუქის განხორციელება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button