ახალი ამბები

მოსკოვი გალში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნას უჭერს მხარს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აფხაზურ მხარეს გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნის თაობაზე.
 
9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ამ საკითხზე 7-8 აგვისტოს აფხაზეთში ვიზიტის დროს გაამახვილა ყურადღება.
 
„კარასინმა გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის გათვალისწინების საჭიროებაზე იმ საკითხების მოგვარებაში, რომლებიც უკავშირდება გალში დევნილთა ვითარებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნას და ქართულ ენაზე სწავლებას“, – ნათქვამია საინფორმაციო შეტყობინებაში.


აფხაზური მხარე ეწინააღმდეგება თბილისის მოთხოვნას გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნის თაობაზე.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს გადაწყვეტილებამ ზემო კოდორის ხეობაში შეიარაღებული ძალების განლაგების თაობაზე უარყოფითი ზეგავლენა იქონია მოლაპარაკებების პროცესზე.
 
„ახლა, აფხაზური მხარე მოლაპარაკებების არსებული მექანიზმების ფარგლებში თბილისთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას უკავშირებს ქართული მხარის მიერ 1994 წლის შეთანხმების შესრულებას კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, ხეობის ზემო ნაწილში გაეროს სამხედრო დამკვირვებლების მიერ და სამშვიდობო ძალების მონაწილეობით მონიტორინგის დაწყებას და ქართული მხარის მიერ უარის თქმას იქ [ზემო კოდორის ხეობაში] ე.წ. აფხაზეთის დევნილი მთავრობის განლაგებაზე“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button