ახალი ამბები

თბილისი კოდორის მონიტორინგზე თანხმდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 20 აგვისტოდან დაიწყება ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი გაეროს დამკვირვებლების მიერ.


“ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი 20 აგვისტოდან დაიწყება. ჩვენ უზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას და უსაფრთხოებას [დამკვირვებელთა]. ამის თაობაზე ინფორმაციას უცხოელ დიპლომატებს სამშაბათს [15 აგვისტოს] მივაწვდით. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ქვემო კოდორის ხეობის მონიტორინგსაც“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სახელმწიფო მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ოთხმა მინისტრმა კოდორთან მიმართებაში მთავრობის კოორდინირებული ქმედებები განიხილეს.


ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგი 2003 წლის ივნისიდან არ განხორციელებულა. მონიტორინგის შეწყვეტა უკავშირდება გაეროს დამკვირვებლებისა და მათი თარჯიმანის ხეობის პატრულირების დროს შეიარაღებული პირების მიერ გატაცების ფაქტს. აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა კოდორის ხეობის მონიტორინგის აღდგენა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ქართულმა მხარემ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად იქ ძალები გააგზავნა.


ქვემო კოდორის ხეობას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება აკონტროლებს. ამჟამად კოდორის ზემო და ქვემო ნაწილების გამყოფ ზოლში რუსი სამშვიდობოების საგუშაგოა განთავსებული. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button