skip to content
ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ ოსეთზე ხელშეკრულებების გადახედვას მოითხოვს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ 8 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისი აპირებს ოფიციალურად დააყენოს რუსეთთან შეთანხმების გადახედვის საკითხი, რომელიც ათი წელია მოქმედებს. სწორედ ეს შეთანხმება ქმნის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის და მოლაპარაკებათა ფორმატების იურიდიულ საფუძველს.


“შერეული საკონტროლო კომისიის მომავალ სხდომაზე, ქართული მხარე გეგმავს დააყენოს 1992 წლის დაგომისის შეთანხმების გადახედვის საკითხი“, – იტყობინება “ინტერფაქსი“ ანთაძის სიტყვებზე დაყრდნობით.


სოჭის შეთანხმებას, რომელიც ასევე ცნობილია დაგომისის შეთანხმების სახელით, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და საქართველოს სახელმწიფოს მაშინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების შედეგად შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები ქართული, ოსური და რუსული ბატალიონების შემადგენლობით.


კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სოჭის შეთანხმების საფუძველზე ასევე შეიქმნა ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია (შსკ), რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს.


საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს მიიღო დადგენილება, რომლითაც მთავრობას ავალებს დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, “ე.წ. სამშვიდობო ოპერაციები“ თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.


ანალოგიური დადგენილება სამხრეთ ოსეთზე პარლამენტმა თებერვალშიც მიიღო, რომელიც ავალებს მთავრობას გადახედოს სოჭის შეთანხმებას.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button