ახალი ამბები

თბილისი სამშვიდობოების ვერტმფრენის კოდორის ხეობაში შეუთანხმებელ ფრენას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 აგვისტოს თვითგამოცხადებული აფხაზეთის მხრიდან კოდორის ხეობაში შემოფრინდა “მი-24” ტიპის სამხედრო ვერტმფრენი, რომელიც დაახლოებით 10 წუთის მანძილზე დაფრინავდა დაბალ სიმაღლეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტების თავზე და პერიოდულად ისროდა სითბური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებებს.


“ამგვარი პროვოკაციები დაუშვებელია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ფაქტიურად დასრულებულია კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა რეგიონში. ამასთან საქართველოს მხარე ცდილობს შეინარჩუნოს მაქსიმალურად თავშეკავებული პოზიცია“, – აცხადებს საგარეო უწყება.


ამასთან, სამინისტრო მოუწოდებს რუს სამშვიდობოებს კოდორის ხეობაში კუთვნილი ვერტმფრენების გადაადგილება შეუთანხმონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს.


თუმცა აფხაზეთში განლაებული რუსი სამშვიდობოების მეთაურმა სერგეი ჩაბანმა 4 აგვისტოს “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ვერტმფრენი კოდორის ხეობის ქვემო ნაწილში დაფრინავდა და იქ განთავსებულ საგუშაგოზე ოფიცრები გადაჰყავდა.


“ჩვენ ქმედებებში არაფერია უკანონო“, – განაცხადა ჩაბანმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button