skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი კოდორიდან ძალების გაყვანისაკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს მოუწოდებს გაიყვანოს შენაერთები კოდორის ხეობიდან და გააგრძელოს მოლაპარაკებები აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით არსებულ ფორმატებში, კერძოდ ჭუბურხინჯის ოთხმხრივი შეხვედრისა და ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომლის სხდომაც  უახლოეს მომავალში სოხუმში იგეგმება.


რუსეთი ასევე აღნიშნავს, რომ მის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს, კოდორის ხეობაში “პოლიციური ოპერაციის საფარქვეშ” ჩატარდა “მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“, რაც 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების “პირდაპირი“ დარღვევაა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 31 ივლისს განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში მეამბოხე ემზარ კვიციანისა და მისი შეიარაღებული მხარდამჭერების წინააღმდეგ ანტიკრიმინალურ ოპერაციაში პოლიციის ძალები მონაწილეობდნენ, არმიის ძალებმა კი “მხოლოდ ლოგისტიკური დახმარება“ აღმოუჩინეს.


“ჩვენ ვეთანხმებით აფხაზური მხარის მოსაზრებას, რომ კოდორის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს და მის გეგმებს პერსპექტივაში [კოდორში პოლიციისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განთავსების შესახებ] შეუძლიათ სიტუაციის საშიში სცენარით განვითარებას უბიძგონ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 31 ივლისს.


რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ქართულმა მხარემ “წინასწარ განზრახულად ჩაშალა“ 28 ივლისის შეხვედრა ჭუბურხინჯში, რადგან 29 ივლისს შემდგარმა შეხვედრამ კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარების თაობაზე აჩვენა “ქართული მხარის აშკარა მოუმზადებლობა კონსტრუქციული და კონკრეტული დიალოგისთვის… იქმნება შთაბეჭდილება, რომ წარმოგვიჩენენ თითქოს მოლაპარაკებათა პროცესი გრძელდება“. 


28 ივლისს ჭუბურხინჯის შეხვედრა აფხაზური მხარის მიზეზით ჩაიშალა, რადგან მათ ქართულ დელეგაციაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა გააპროტესტეს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button