ახალი ამბები

კოდორის ხეობაში დაპირისპირებას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთის დაბომბვის შედეგად ერთი ქალბატონი დაიღუპა. ეს ინფორმაცია დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ ბრიფინგზე დაადასტურა.


“კრიმინალები ეფარებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას… მათ სინდისზეა [კრიმინალების] ეს მსხვერპლი“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.


არველაძის თქმით, “ანტი-კრიმინალური საპოლიციო ოპერაციის ძირითადი ნაწილი წარმატებით დასრულდა”.


“ხეობის ყველა სოფელი გაწმენდილია კრიმინალებისგან; ბანდიტებისგან გათავისუფლებულია კოდორის ხეობის ყველა დასახლებული პუნქტი”, – განაცხადა არველაძემ.


მისი თქმით, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ყუმბარმტყორცნები და ასევე საზენიტო დანადგარები “სტრელა” და “იგლა”.  


არველაძის თქმით, “რამდენიმე კრიმინალი” დაკავებულია, ბევრმა მათგანმა კი იარაღი ჩააბარა.


მოხუცი ქალის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა, როცა ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა ტელეკომპანია “იმედს“ კოდორიდან სატელეფონო საუბრისას ამის შესახებ აცნობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button